მარნეულის #8 სკოლის პროექტი „სუფთა გარემო"

2013 წლის 16 მაისს მარნეულის #8 აზერბაიჯანული სექტორის   საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ჩემები“ მოაწყო პროექტის „სუფთა გარემო“ შემაჯამებელი შეხვედრა. პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტის  ფარგლებში.
კლუბის წევრებმა სტუმრებს გააცნეს პროექტის მიმდინარეობა და მისი შედეგები: მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და მოამზადეს საინფორმაციო მასალა ეკოლოგიის დაცვის შესახებ. დაიბეჭდა 2000 ცალი ბროშურა, რომელიც კლუბის წევრებმა გაავრცელეს თემში. ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით შეიძინეს ნერგები, შეარჩიეს და შეათანხმეს ადგილი და მოაწყვეს გამწვანების აქცია. მარნეულის ცენტრალურ სკვერში თვითმმართველობისა და თემის წევრებთან ერთად დარგეს სხვადასხვა ჯიშის ხის  60 ნერგი.  პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ  ტრენინგი ეკოლოგიის საკითხებზე.
შემაჯამებელი შეხვედრა შედგა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მარნეულის ოფისში. შეხვედრას მარნეულის სხვა და სხვა კლუბების წევრებთან ერთად დაესწრნენ პროგრამა „ჰარმონიისა“ და  ქვემო ქართლში  პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს წარმომადგენლები, მარნეულის გამგეობის წევრი,  საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. სტუმრებმა ნახეს აქციის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიის მიერ მომზადებული რეპორტაჟი და  პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო მასალა.