გავაზის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს

გავაზის საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს ადგილობრივი საბავშვო ბაღის დასახმარებლად. 
 გავაზის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა არაერთი აქტივობა განახორციელეს  საბავშვო ბაღის პრობლემების მოსაგვარებლად.   საბავშვო ბაღის გაზით მომარაგების მიზნით მოსწავლეებმა კომპანია „სოკარის“ ყვარლის განყოფილებას მიმართეს თხოვნით. შედეგად, „სოკარის“ ადმინისტრაციამ   უზრუნველყო საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის მონტაჟი. 
ამჯერად, მოსწავლეებმა სკოლის საკონცერტო დარბაზში   საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს -  კონცერტი და ხელნაკეთი ნივთების, ტკბილეულის და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში ჩართული იყო მთელი სოფელი, მოწვეული იყო სხვა სკოლის სამოქალაქო კლუბები, ადგილობრივი ხელისუფლების და რესურსცენტრის წარმომადგენლები. აქციის შედეგად  შემოსულმა თანხამ შეადგინა 500 ლარი, რომლითაც სკოლამ საბავშვო ბაღისთვის შეიძინა გაზქურა და გადასცა ბაღს საჩუქრად.