სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა

2013 წლის 11 მაისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში”,  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა ჩატარდა.

ფორუმის მონაწილეები იყვნენ საქართველოს ყველა რეგიონის 300-ზე მეტი პედაგოგი და მოწვეული სტუმრები, რომლებიც  გაეცნენ სამოქალაქო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს და ინოვაციებს, მიიღეს ინფორმაცია ფორუმის წევრ მასწავლებელთა  გამოცდილების  და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი, ბ-ნი სტივენ ჰეიკინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბ-ნი ალუდა გოგლიჩიძე და ქ-ნი მარინა უშვერიძე, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი.

ქ-ნმა მარინა უშვერიძემ ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საქმიანობაზე და შედეგებზე.

საუკეთესო პროექტების დემონსტრირების მიზნით ნაჩვენები იყო  პროგრამის ფარგლებში გადაღებული ფილმი ”სასკოლო სამოქალაქო კლუბები საქართველოში”.

სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების საკითხებზე საქართველოში, არსებული პრობლემების დაძლევის გზებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისუბრა ნიკოლოზ სილაგაძემ, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ექსპერტმა.

სტუმრებმა და მონაწილეებმა დაათვალიერეს სამოქალაქო კლუბების საქმიანობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.

ფორუმის მონაწილე პედაგოგები, მათი ინტერესების გათვალისწინებით, დაესწრნენ სემინარებს, რომელთა სადისკუსიო თემები იყო: პროფესიული განვითარების ხელშეწყობა  (ფასილიტატორი: ნინი ბესელია), კლუბური მუშაობა და კლუბებს შორის თანამშრომლობა (ფასილიტატორები:  ნონა ფიფია / მაკა ბიბილეიშვილი), სამოქალაქო განათლების პედაგოგის მოტივაციის ზრდა და შესაძლო სტრატეგიები (ფასილიტატორი: გიორგი გახელაძე) და არაქართულენოვან სკოლებში სწავლების გაუმჯობესების გზები (ფასილიტატორი: ელმირა ქსპოიანი).

კონფერენციის დასასრულს წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სამოქალაქო განათლების ფორუმის საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი გადაეცათ თერთმეტი რეგიონის თერთმეტ საუკეთესო პედაგოგს. ასევე, დასახელდნენ სხვა ნომინაციებში გამარჯვებული პედაგოგები - სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე, წარმატებული სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის და გამორჩეული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო ფორუმის საპატიო სტუმარმა, PH International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქ-ნმა ანნა მარტინმა (აშშ, ვერმონტი).

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ჩატარდა სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC)  პარტნიორობით.

ფორუმი გაშუქდა ტელეკომპანიების - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ”იმედის” და ”ერთსულოვნების” მიერ.