ახალგაზრდული ფორუმი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში

2013 წლის 29 აპრილს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის ოფისში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ პროგრამის 23 პარტნიორი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები. 

ფორუმის მონაწილეები დაიყვნენ ოთხ სამუშაო ჯგუფად.  თითო ჯგუფმა შეარჩია საპროექტო თემა, რომლის მომზადებაში დახმარებას უწევდნენ პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. 
 
ლენტეხის, ონის, ამბროლაურის და ცაგერის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საპროექტო წინადადებები: რეკრეაციული, დასასვენებელი გარემოს შექმნა,  „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, „ღვინის გზა“ (რაჭული ფოლკლორის პოპულარიზაცია) და სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სასწავლო-შემეცნებითი ბანაკის მოწყობა. ოთხივე საპროექტო წინადადებამ სტუმრების აქტიური მხარდაჭერა მოიპოვა. ბიზნესის და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს თანადგომა და ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვეს. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები პროექტების განხორციელების მიზნით. 

ფორუმის მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეები, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ადგილობრივი გაზეთის „ამბროლაურის მოამბე“-ს რედაქტორი, „ლიბერთი ბანკის“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“, „საქართველოს ბანკის“ ამბროლაურის ფილიალის ხელმძღვანელები, „გალფ-პეტროლიუმის“ ამბროლაურის სადგურის ხელმძღვანელი, შ.პ.ს. „ოქროს ხვანჭკარა“-ს ხელმძღვანელი და ბიზნესის სხვა წარმომადგენლები.