სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი სამცხე-ჯავახეთში

2013 წლის 27 აპრილს, დაბა ბაკურიანში  სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. ბანაკის მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაცია ქართველ მოსწავლეებთან და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ახალგაზრდული ბანაკი ტარდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „აწყურის“ ორგანიზებით.

ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეები არიან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის  ქართულ და სომხურენოვანი  სკოლების 24 მოსწავლე და 12 პედაგოგი.

ბანაკის მსვლელობის დროს მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სამოქალაქო განათლების საკითხებზე, ისწავლიან პეოქტების წერას. სამოქალაქო კლუბის წევრები პროგრამის ფარგლებში შეძენილ ცოდნასა და უნარ ჩვევებს გაუზიარებენ თანატოლებს. ერთობლივად შეიმუშავებენ პროექტებს თემისთვის აქტუალურ საკითხებზე, რომლებსაც ბანაკის დასრულების შემდეგ პროგრამის ფარგლებში განახორციელებენ ბანაკის ორგანიზატორების მხარდაჭერით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.