ახალგაზრდული ფორუმი ახალქალაქში და მომავალი თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან

2013 წლის 20 აპრილს ახალქალაქში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი,   რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ქართულ და სომხურენოვანი სკოლების   სამოქალაქო კლუბების წევრებმა და პედაგოგებმა. ფორუმი გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში და მასში პროგრამის 23 პარტნიორი სკოლის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
 
ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების აქტიური ჩართვა  თემში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზების ძიების პროცესში. მოსწავლეებმა შეარჩიეს ორი სფერო  - „მოსწავლეთა ინტეგრაცია“ და „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. აღნიშნულ თემებზე ორმა ჯგუფმა იმუშავა ფასილიტატორების დახმარებით.  ჯგუფებში მუშაობისა და პრობლემათა იდენტიფიკაციის შემდეგ მოსწავლეებმა შეხვედრაზე მოწვეულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინეს მათ მიერ ინიცირებული საპროექტო იდეები.
 
პრეზენტაციის შემდეგ ახალგაზრდულ ფორუმზე მოწვეულმა სტუმრებმა -  ბ-ნმა გიორგი ზმოიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა  და სპორტის სამსახურის უფროსმა  და ბ-ნმა ვალერი სტელმაშოვმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა  და სპორტის სამსახურის უფროსმა მოიწონეს მოსწავლეების  ინიციატივები და მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ მათ;  მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში.  მომავალი თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრის ბოლოს, მხარეების მონაწილეობით დაიგეგმა „მრგვალი მაგიდა“.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ   ნინოწმინდის რადიო   „NOR-ის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ღია ეთერში გააშუქეს სიუჟეტი ფორუმის შესახებ.