შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

16 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“  წარმომადგენელებს მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე შეხვდა. შეხვედრაში USAID-ის,  PH international-ის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის CTC  და ეროვნული საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი სამინისტროს თანამშრომლებისთვის პროგრამის გაცნობა–პრეზენტაცია და დღემდე მიღწეული შედეგების შენარჩუნებისათვის ზრუნვა გახლდათ. „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ 2010 წლიდან მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და აქტივობებზე ისაუბრა, კერძოდ, სასკოლო სამოქალაქო კლუბების მცირე საგრანტო პროექტებზე და მათ შედეგად მიღებულ სიკეთეებზე - როგორც სოციალური, ისე სამოქალაქო და საგანმანათლებლო თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება მან პროგრამაში ჩართული პედაგოგების, მათი გადამზადების და  შენარჩუნების საკითხს დაუთმო. როგორც ქალბატონმა მარინამ აღნიშნა, ეს უკვე არის პროფესიული კადრის ის სერიოზული რესურსი, რომელმაც პროგრამის არსებობის მანძილზე მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიონალიზმი და პროექტის დახმარებით უკეთესად და სრულად გააცნობიერა როგორც საკუთარი, ისე საგნის მნიშვნელობა და როლი ღირსეული სამოქალაქო საზოგადოების აღზრდის საქმეში; იმისათვის, რომ ამ ხნის მანძილზე მიღწეული შედეგები არ დაიკარგოს და საქმე, რომელშიც უამრავი მატერიალური თუ ადამიანური რესურსია ჩადებული, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდეს, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო, აქტიური თანამშრომლობა. სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების საკითხში დღეს არსებული პრობლემების დასაძლევად სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების ერთობლივი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეამცირებს პედაგოგთა გადამზადებული კადრების შენარჩუნების  საფრთხეს. 
პროგრამის მონაწილე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული გადამზადების საკითხზე სამინისტროში შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა ირინა ხანთაძემ. შთამბეჭდავი სტატისტიკური მონაცემები და მონიტორინგების შედეგად გამოვლენილი სურათი ნათელს ხდის პროგრამის ამ კომპონენტის მნიშვნელობას და როლს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებაში. ამაზე მეტყველებს დარგის ექსპერტთა მიერ გაკვეთილებზე დასწრებით შეფასებები და თავად პედაგოგთა მიერ გამოთქმული და გაზიარებული მოსაზრებები. ასეთი შედეგის მისაღწევად კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა არაერთი სპეციალური ტრენინგ–პროგრამა შეიმუშავა და განახორციელა ორი წლის მანძილზე, რომელმაც საქართველოს თერთმეტი რეგიონი მოიცვა. ტრენინგები და ადგილობრივ თუ უცხოელ ექსპერტთა მიერ ჩატარებული მასტერ–კლასები, პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური ღონისძიებები და გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოები არის  ბაზა, რომელსაც პედაგოგთა გადამზადების კომპონენტი ეყრდნობა და თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამაღლებს პროგრამის ეფექტურობას. ამ კადრების და პროგრამის შედეგების შენარჩუნებაში სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის როლი და საჭიროება ქალბატონმა ირინამ თავის მხრივაც ხაზგასმით გამოკვეთა. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა საერთიფიკაციო  გამოცდებისა და პედაგოგთა ზოგადი მომზადების საკითხებს.  გაიმართა დისკუსია, რომელშიც ეროვნული საგამოცდო ცენტრიდან აქტიურად მონაწილებდა ქალბატონი ირმა ხომერიკი.  გამოიკვეთა, რომ ერთობლივი მუშაობა და თანამშრომლობა ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამუშაო და გასათვალისწინებელი  აღნიშნულ კომპონენტშიც საკმაოდ ბევრია.
პროგრამის პრეზენტაციის და შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ალუდა გოგლიჩიძის შეფასება და მხარდაჭერა პროგრამისადმი. როგორც მან აღნიშნა, ეს არის პროგრამა, რომლის შედეგებიც პედაგოგთა პროფესიული და პიროვნული ზრდის საკითხზეა გათვლილი და რომლის ხარისხიც თვალსაჩინოდ კარგია; რომ ასეთი შეხვედრები და საუბრები ხშირად უნდა იმართებოდეს და ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის კონკრეტული დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაიწერება შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხების ირგვლივ საჭირო ქმედებები და ერთობლივი მუშაობის ასპექტები.  
პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ  ერთი ასეთი დოკუმენტი  ამ შეხვედრაზევე გადასცა სამინისტროს თანამშრომლებს, სადაც წერილობით იყო ჩამოყალიბებული ყველა ის საკითხი, რომელიც სტუმართა მხრიდან შეხვედრაზე გაჟღერდა. მასპინძლებმა კი თავის მხრივ ამ საკითხთა შესწავლა და მათზე რეაგირება აღუთქვეს პროგრამის წარმომადგენლებს და უფრო ხშირი და აქტიური თანამშრომლობის  მზაობა გამოხატეს.