საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების დასახმარებლად

2013 წლის 12 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ტოლერანტობის"ინიციატივით სკოლაში მოეწყო საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების დასახმარებლად. აქციის ფარგლებში ჩატარდა სპექტაკლი, რომელიც მომზადდა ცნობილი მწერლის მარკ ტვენის ნაწარმოების "ტომ სოიერის თავგადასავლის" მიხედვით. სპექტაკლის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და ყურადღება გამახვილდა ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, თაობათა შორის წინააღმდეგობებზე და მოვალეობების გათავისებაზე. როგორც აღვნიშნეთ სპექტაკლი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხით კლუბის წევრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ექვს თანასკოლელს დაეხმარებიან. ამავე დღეს გაიმართა შემოქმედებითი ხატვისა და წერის საათი, რაშიც თანატოლების დახმარებით აქტიურად ჩაერთნენ  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები. 
 
ამავე აქვიის ფარგლებში სკოლის ტერიტორიაზე განთავსდა საქველმოქმედო ყულაბა, რომელიც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საშუალებას მისცემს მსურველებს წვლილი შეიტანონ ამ სასიკეთო საქმეში. აქციაში მონაწილეობდნენ სკოლის პედაგოგები, ადგილობრივი ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელები, დაბის რწმუნებული და მოსწავლეები, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე 6 ბავშვი, სულ 60 ადამიანი.  
 
ზემოთხსენებულ აქციას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული კიდევ 6 სკოლა გამოეხმაურა. ოზურგეთის #1, #4,  #5, ბახვის, ლიხაურის, მთისპირის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა საკუთარ სკოლებში მაკულატურა  შეაგროვეს  და მიღებული თანხით  დაბა ნარუჯის განსაკუთრებული საჭიროების მქონე 6 მოსწავლეს საკანცელარიო ნივთები გადასცეს.