"მრგვალი მაგიდა" თბილისის 181-ე სკოლაში

თბილისის #181 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განახორციელა მცირე გრანტის პროექტი,  რომელიც მიზნად ისახავდა კლუბის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას და კლუბის გაძლიერებას. პროექტში მონაწილეობდნენ კლუბის ოცი წევრი და მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ნონა ფიფია.  პროექტს მხარს უჭერდა #181 სკოლის დირექცია, რომელმაც კლუბის ოთახი გაარემონტა, შეიძინა თარო და ფარდა-ჟალუზი. ხოლო გრანტის ფარგლებში კლუბმა შეიძინა კლუბის ოთახისთვის ავეჯი და  საკანცელარიო ნივთები.
ა.წ. 29 მარტს  განახლებულ კლუბის ოთახში გაიმართა "მრგვალი მაგიდა" თემაზე -"ადგილობრივი თვითმმართველობის როლი სათემო პრობლემების მოგვარების საკითხებში". სტუმრად მოწვეულნი იყვნენ  მუხიანის საუბნო სამსახურის უფროსი კახაბერ დაშნიანი, სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი სულხან აბესაძე, PH International-ის წარმომადგენლები მანანა ყუბანეიშვილი და ინგა ქიბროწაშვილი, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენლები ნანა დოლიაშვილი და  ბელა კოპალიანი, # 181 საჯარო სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი. შეხვედრა საინტერესოდ და საქმიანად წარიმართა. მოსწავლეებმა სკოლისა და თემის პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს. შეხვედრის ბოლოს, სამოქალაქო  კლუბსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის დაიგეგმა თანამშრომლობა სათემო პრობლემების მოგვარებისათვის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების ამაღლების თაობაზე.