ბარეთის სკოლის ინიციატივა

ბარეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ჩვენ“ წევრებმა ტელევიზიით გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტეს დახმარებოდნენ ლეიკემიით დაავადებულ  8 წლის მოზარდს.
 
კლუბმა შეიმუშავა გრძელვადიანი პროექტი „ჩვენ თქვენთან ვართ“, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო შეგნების ამაღლება და მოსწავლეების, მასწავლებელების და მშობლების მონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებაში თემის წარმომადგენლებთან ერთად. პროექტი 3 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.  
კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს და თემის წევრებს ჩაუტარეს სემინარი აღნიშნულ დაავადებაზე და ქველმოქმედების არსზე. გამოცხადდა ესეების, ნახატების და ხელნაკეთი ნამუშევრების კონკურსი. შეირჩა საუკეთესოები. 
 
ა.წ. 13 მარტს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც დამსწრე საზოგადოებისთვის წაკითხულ იქნა საუკეთესო თემები.  მოეწყო ვიქტორინა „რა, სად, როდის“ თემაზე „ვინ რა იცის ლეიკემიაზე“. ამ დღესვე მოეწყო გამარჯვებული ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რის შედეგად შეგროვებულმა თანხამ შეადგინა 308 ლარი, რომელიც გადაიგზავნა  მოზარდის პირად ანგარიშზე.
 
პროექტში მონაწილეობა მიიღეს  სამოქალაქო კლუბის  წევრებმა და  VI-XII კლასების ყველა მოსწავლემ, სულ 80 მოზარდმა და  სკოლის 18 პედაგოგმა. დასკვნით ღონისძიებას თემის 5 წარმომადგენელიც დაესწრო.
„ჩვენი მიზანია, მცირე წვლილი შევიტანოთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ჩვენი დღევანდელი აქცია-ღონისძიება სტიმული იქნება სხვა სკოლებისთვისაც მსგავსი აქციები ჩაატარონ და დაეხმარონ ამ ბავშვებს“ - განაცხადა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა  ანა ფიცხელიანმა.
 
„ჩვენ შევიძინეთ ბავშვის ნაშრომი, რომელიც სუვენირის სახით გვექნება. ჩვენი შენაძენით მცირე წვლილი შევიტანეთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად“ - რაულ აბულაძე, წალკის მკვიდრი.
 
პროექტი ამით არ დასრულებულა. 29 მარტს ბარეთის სკოლის პედაგოგები და თემის წარმომადგენლები ეწვივნენ იაშვილის კლინიკას სისხლის ჩასაბარებლად. ბარეთის სკოლას ამ ინიციატივაში მხარი დაუჭირა ნეო ხარაბის საჯარო სკოლამაც, რომლის პედაგოგებმა  ბარეთელ  კოლეგებთან ერთად  გაიღეს სისხლი. სულ ბარეთის 5 პედაგოგმა და 1 თემის წევრმა, ხოლო ნეო ხარაბადან 11 პედაგოგმა ჩააბარა სისხლი.