სამოქალაქო განათლების პედაგოგთა რეგიონალური კონფერენცია გურიაში

2013 წლის 30 მარტს ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში გურიის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა რეგიონალური კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის სკოლების სამოქალაქო განათლების ოცზე მეტი პედაგოგი დაესწრო. რეგიონალურმა კოორდინატორმა მაია გოგოლაძემ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილა და ფორუმის საქმიანობისა და შედეგების შესახებ მოკლე ანგარიში გააკეთა.  პროექტული და საკლუბო მუშაობის თემაზე ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა პლატონ ფოფხაძემ და ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლადო აფხაზავამ ისაუბრეს. შემდეგ სამოქალაქო განათლების სწავლების საკითხებზე და პრობლემებზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც კონფერენციის მონაწილე პედაგოგები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან მოხმობილი მაგალითებით ჩაერთვნენ. საუბარი შეეხო საგნის სასერთიფიკაციო გამოცდების საკითხსაც და 11 მაისის ეროვნული ფორუმისათვის მზადებას, დაკონკრეტდა მთელი რიგი საორგანიზაციო საკითხები, რომელიც ფორუმზე რეგიონის პედაგოგთა და კლუბების ღირსეულად წარდგენას განაპირობებს.