ქუთაისში კონკურსი ,,გაიცანით, ის გმირია’’ დასრულდა

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  2013 წლის 20 მარტს, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით  კონკურსის ,,გაიცანით, ის გმირია’’ შემაჯამებელი ფინალური ეტაპი გაიმართა. 
 
კონკურსში  პროგრამის იმერეთის რეგიონის (ქუთაისი, ზესტაფონი, წყალტუბო, სამტრედია, ვანი), პარტნიორი სკოლების  სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების  წევრები მონაწილეობდნენ, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ კონკურსის გამოცხადებიდან  ერთი თვის მანძილზე წარმოედგინათ სლაიდ შოუ  და ვიდეო ფილმები მათ რჩეულ, ნაცნობ თუ უცნობ სამოქალაქო გმირებზე.  20 მარტს კი კონკურსის მონაწილეებმა პრეზენტაციები თავად წარმოადგინეს. 
 
ჟიურის შემადგენლობა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო - ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურსი წარმომადგენელი თათია გოქაძე, ტელეკომპანია ,,მეგა -TV’’-ის საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელი ალეკო გვეტაძე, გაზეთის  ,,იმერეთის მოამბე’’ ჟურნალისტი ლელა ხაჭაპურიძე, ქუთაისის 23-ე და 30-ე საჯარო სკოლის დირექტორები ნესტან ხურციძე და მიხეილ გიორგაძე. 
 
,,ამ კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიცნეს ისეთი ცნობილი გმირები, როგორებიც იყვნენ როზა პარკსი, მალალაი ჯოია, აჰმედ ბათემი, ირენა სენდლერი, ისეთი გმირები რომლებმაც ჩუმად იცხოვრეს. აგვისტოს ომში ბრძოლაში  დაღუპული მიშიკო დვალიშვილი, ეროვნულ მთლიანობას თავშეწირული გია აბესაძე, ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც თავისი სოფლის, თავისი რაიონის ცხოვრება შეცვალეს. 
ჩემითვის ძალიან საპასუხმგებლო იყო ამ კონკურსის ჟიურის წევრობა, მართლა რთულია, საუკეთესოებს შორის საუკეთესო ამოარჩიო’’- განაცხადა ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თათია გოქაძემ. 
 
ჟიურიმ ხუთი გამარჯვეული გამოავლინა, რომლბიც სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სიგელები და სიმბოლური პრიზები გადაეცა ყველა მონაწილეს. ღონისძება გაშუქდა ადგილობრივი მედიის საშუალებების მიერ. 

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი