სამოქალაქო განათლების პედაგოგთა რეგიონალური კონფერენცია რაჭა-ლეჩხუმში

2013 წლის 15 მარტს ამბროლაურის პირველ საჯარო სკოლაში  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 14 პედაგოგი დაესწრო. რეგიონალურმა კოორდინატორმა ქეთევან თომაძემ კონფერენციის მონაწილეებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ერთწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო და სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და მცირე საგრანტო პროექტებზე ისაუბრა.  პროგრამის ფარგლებში  ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციისა და „მშვიდობის კორპუსის“ დახმარებით სასკოლო სამოქალაქო  კლუბმა „მეტეხა“ სკოლის  სპორტული დარბაზის და სასადილოს კეთილმოწყობის, ქალაქის დასუფთავების, მაკულატურის შეგროვების და ლაშქრობის აქციების ორგანიზება შეძლო. სამოქალაქო კლუბთან არსებულმა ეკო-კლუბმა „მწვანე საფარი“ საველე აღჭურვილობა და კარვები  მოიპოვა ლაშქრობებისთვის და დაგეგმილი აქვს სკოლაში სასმელი წყლის, საპირფარეშოს და სკოლის ეზოში დასასვენებელი ადგილის კეთილმოწყობა. განზრახული აქვთ აგრეთვე სკოლაში რადიოკვანძის გაკეთებაც.  აქტივობებით რეგიონის სხვა სამოქალაქო კლუბებიც გამოირჩევიან, თუმცა მიგრაციისა და ინტერნეტკომუნიკაციის პრობლემები რეგიონში ძალზე მწვავედ დგას, რაც სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაზე და საკლუბო მუშაობის ხარისხზე მტკივნეულად აისახება. მიუხედავად ამისა პედაგოგებისა და მოსწავლეების მონდომება და აქტივობა აქ  ნამდვილად სამაგალითოა და პროგრამისაგან მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანი.
 
კონფერენციაზე საუბარი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისა   და 11 მაისის ეროვნული ფორუმისათვის სამზადისსაც შეეხო.  დაიგეგმა რეგიონალური ღია გაკვეთილი, რომელსაც აპრილში ლეჩხუმის სკოლის პედაგოგი გულქან ქურასბედიანი ჩაატარებს.