გორის #7 საჯარო სკოლის პედაგოგი - მერი ბეჟუაშვილი

ქ-ნი მერი ბეჟუაშვილი სამოქალაქო განათლებას 2010 წლიდან ასწავლის გორის #7 საჯარო სკოლაში. მისი მიზანი ცოდნის გაღრმავება, პროფესიონალიზმის ამაღლება და სამოქალაქო განათლების სფეროში სიახლეების დანერგვაა. ამიტომ სისტემატიურად მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგებსა და კონკურსებში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატებით იყენებს. 
 
მერის ძალისხმევით სკოლაში დაფუძნდა სამოქალაქო კლუბი „ალტრუისტები“.  კლუბის წევრებმა ბევრი საინტერესო ინიციატივა და პროექტი განახორციელეს. კლუბის წარმატებულ საქმიანობაში მოსწავლეებს და მეურვე პედაგოგს  მუდამ მხარდაჭერას უწევს  სკოლის დირექცია და საზოგადოება „ბილიკი“.
 
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში იგი პედაგოგთა ფორუმის აქტიური წევრია. 2012 წელს მერი ბეჟუაშვილი სამოქალაქო განათლების „წლის საუკეთესო პედაგოგად“ აღიარეს შიდა ქართლში, რამაც მისი პოზიტიური დამოკიდებულება საგნის სწავლებისა და საკლუბო მუშაობის მიმართ კიდევ უფრო აამაღლა. პედაგოგის გამარჯვებამ  დადებითად იმოქმედა მოსწავლეებზეც - უფრო აქტიურად  ჩაებნენ სამოქალაქო განათლების ფერხულში, მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სამოქალაქო კლუბების კონკურსში და  საკლუბო ტექნიკით დაჯილდოვდნენ. 
 
პროგრამის ფარგლებში ქ-ნმა მერიმ გაიარა ტრენერთა ტრენინგი „დემოკრატიის სწავლება“ და მიენიჭა დემოკრატიული სწავლების მწვრთნელის სტატუსი. შემდეგ კი მასწავლებელთა სახლის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო განათლების ტრენერების კონკურსი გაიარა წარმატებით და ახლა 90 საათიან ტრენინგკურსს ეუფლება, რათა შემდგომ თავისი ცოდნა სხვა პედაგოგებსაც გაუზიაროს.
 
როგორც ქ-ნი მერი თავად აღნიშნავს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში  ჩართვა მისთვის წარმატების საწინდარი აღმოჩნდა. პარტნიორ ორგანიზაციას „ბილიკი“ და  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის განმახორციელებლ ორგანიზაციას  PH international  მათი კლუბის  არც ერთი აქტივობა უყურადღებოდ არ დაუტოვებია, ყველა ღონისძიებას ესწრებიან, ობიექტურად აფასებენ და პედაგოგსაც და მოსწავლეებსაც ახალისებენ, რომ იყვნენ მოტივირებულები,  აქტიურები, აიმაღლონ ცნობიერება, კომპეტენცია და ასეთი თანადგომისთვის მადლობას უხდის მათ.