საქველმოქმედო აქცია კაზრეთში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოეწყო საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი - გადაარჩინე  სიცოცხლე“. მოსწავლეებმა,  საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს ამავე სკოლის მე-12 კლასელი მოსწავლის დახმარების მიზნით.
კლუბმა აქციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სკოლასა და თემში. მოსწავლეებმა მობილიზაცია გაუკეთეს მოხალისეებს, რომლებიც მზად იყვნენ  უანგაროდ გაეღოთ სისხლი. ადგილობრივი თვითმმართველობა გამოეხმაურა კლუბის ინიციატივას და გამოყო მიკროავტობუსი სისხლის დონორების ტრანსპორტირებისთვის თბილისში, სისხლის გადასხმის ცენტრში.   
21 თებერვალს მოეწყო სისხლის დონაციის პირველი აქცია, რომელზეც კაზრეთის #1 სკოლის 12 პედაგოგმა და თემის 5 წევრმა მიიღო მონაწილეობა. მსგავსი აქციები კიდევ ორჯერ გაიმართა  25 თებერვალს და 1 მარტს.  
სამოქალაქო კლუბ „საფიხვნოს“ ინიციატივას უკვე 26 ადამიანი გამოეხმაურა, რომლებმაც უანგაროდ გასწიეს დონორობა თანამოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად. შემდეგი ვიზიტებისთვის დონორების ტრანსპორტირების ხარჯი კომპანია „მადნეულმა“ დაფარა.
„გვჯერა, რომ ქველმოქმედება შედეგს გამოიღებს - აღნიშნა კლუბის მეურვემ ნინო ციმაკურიძემ -  თუმცა სკოლის მოსწავლეს კიდევ სჭირდება დახმარება და კლუბის წევრები ამისათვის სხვა  აქტივობებს გეგმავენ. დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურების გამო მეტად მაღალია ახალგაზრდებს შორის სხვადასხვა დაავადებებით დასნეულების რისკი. ეს კიდევ  ერთხელ შეგვახსენებს - რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა გარემო ადამიანის ჯანმრთელობისათვის. “