იმერეთის რეგიონის სამოქალაქო კლუბების საქმიანობა

შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან
2013 წლის 5 თებერვალს, ქუთაისის #17 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის „ნიკეოსის“ ინიციატივით,  სტუმრად იმყოფებოდა 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი და რაგბის სპორტული სკოლის დირექტორი შოთა გვენეტაძე. გაიმართა დისკუსია თემაზე „დიალოგი თაობათა შორის“. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ოლიმპიურ ჩემპიონს სხვადასხვა თემაზე დაუსვეს შეკითხვები, ბატონი დავითი ესაუბრა მათ, თუ როგორ გახდა წარმატებული სპორტსმენი,  რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს მოზარდის ცხოვრებაში. სტუმრები დაესწრნენ „მხიარულ სტარტებს“ და ჭიდაობის გაკვეთილს.
დებატ-კლუბი სკოლაში
ქ. ქუთაისის №40 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლაში ჩამოყალიბდა დებატ-კლუბი, რომელიც  თვეში ორჯერ ჩაატარებს დებატებს წინასწარ შერჩეულ თემებზე. პირველი დებატები 27 თებერვალს მოეწყო, თემაზე ,,ევთანაზია გამართლებულია’’. დებატებში  სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ, ხოლო მსაჯობას ქუთაისის 21-ე, მე-3, მე-2, 41-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები უწევდენენ. სამოქალაქო კლუბის წევრებმა დებატების ხელოვნება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე შეისწავლეს.
საკლუბო ინიციატივა „სიყვარული სიყვარულით“
2013 წლის 14 თებერვალს,  ქ. ქუთაისის №32 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ახალი ტალღის“ ინიციატივით, მოსწავლეებმა ქვილინგის ტექნიკის გამოყენებით მისალოცი ბარათები დაამზადეს. ამ ინიციატივას ქალაქის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებიც შეუერთდნენ. მათ გადაწყვიტეს 14 თებერვალს ბარათების გაყიდვა და ფონდის დაარსება, სადაც  აქციებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
აქციაში 19 მოხალისე მონაწილეობდა, მათ ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში გაავრცელეს მისალოცი ბარათები და 160 ლარი შეაგროვეს. 
საინიციატივო ჯგუფმა მომდევნო აქცია 8 მარტს დაგეგმა. 

ფილმების ჩვენებების კვირეული
ჭიათურის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით,  ფილმების ჩვენებების კვირეული გამართეს. კლუბის წევრებმა დაამზადეს აფიშები და ბილეთები. ფილმების ჩვენებისთვის დარბაზი  ჭიათურის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოუყო. კლუბის წევრებმა ბილეთს სიმბოლური ფასი დაადეს.  ჩვენებებს ჭიათურის პირველი, მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბები ესწრებოდნენ. ინიციატივის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში  ადგილობრვი ხელისუფლება კინო დარბაზის აღდგენისათვის საჭირო თანხების მობილიზებას გეგმავს.  
კონფერენცია „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“
ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით რაიონის მასშტაბით ჩატარდა კონფერენცია ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის''  თემაზე.  მას ორგანიზება მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა რუსუდან ბურჯანაძემ გაუწია. კონფერენციაში  მონაწილე მოსწავლებმა წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია.  
კონფერენციაზე თემები წარმოადგინეს ჭიათურის №1, მე-5, მე-7, წირქვალის საჯარო  სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა. მათ ისაუბრეს ჯანსაღი კვების მნიშვნელობის, ალკოჰოლის, ნიკოტინის, ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ.  ღონისძებაში სულ 60-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.