მცხეთა-მთიანეთის მოსწავლეების ვიზიტი ,,საქპატენტში“

2013 წლის 15 თებერვალს  მცხეთის #2, წეროვნის #2, ძეგვისა და მუხრანის#1 საჯარო სკოლების 12 სამოქალაქო კლუბის ლიდერი, მათ შორის ბლოგერები, ჯგუფური ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტში“. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ეკა შანიძემ  ორგანიზება გაუწია შეხვედრას.
მოსწავლეებს ,,საქპატენტის“ ახალი ოფისი დაათვალიერებინა და ყველა სამსახურის ფუნქციები გააცნო სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტარტამენტის უფროსმა გიორგი ქურდიანმა.
საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა საავტორო და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ელენე ქემაშვილმა, რის  შემდეგაც მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო უამრავ კითხვაზე მიიღეს პასუხი. 
- ეს ვიზიტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.  გავეცანი საავტორო უფლებებს, გავიგე, როგორ უნდა დავიცვა ჩემი უფლებები და არ შევლახო სხვა ავტორთა უფლებები. როგორ უნდა მოვიქცე სხვა საიტზე მოპოვებული ინფორმაციის ჩემს ბლოგზე გამოყენებისას, - აღნიშნა ბლოგერმა ირაკლი ტოგონიძემ, რომელიც სპორტულ საიტებთანაც თანამშრომლობს, როგორც ავტორი. 
- ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ, გავიგეთ როგორ ხდება ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა,  ვგულისხმობ ქართულ ღვინოებს, მინერალურ წყალს, სულგუნს, ჩურჩხელას და ასე შემდეგ. აქ იმდენი ინფორმაციაა დაგროვილი და შთამბეჭდავად ექსპონირებული, რომ მივდივარ უკან დაბრუნების სურვილით,  - აღნიშნა მეკო კვახაძემ, ძეგვის სამოქალაქო კლუბის ერთერთმა ლიდერმა.
ვიზიტი დასრულდა თანამშრომლობის გაგრძელების განწყობით. ეს  ღია და შინაარსიანი შეხვედრა მოსწავლეთა ბლოგებზეც აისახება და მონაწილენი საკუთარ კლუბებსაც გააცნობენ მიღებულ ინფორმაციას და საცნობარო მასალას.
 ძდექ-ის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი