თანამშრომლობა ტელე-რადიო კომპანია „რიონთან"

2013 წლის 25 თებერვალს ქუთაისის  წმინდა ნინოს სახელობის  მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,თაობამ’’ ტელე-რადიო კომპანია ,,რიონთან’’, რომელიც რეგიონალური მაუწყებელია და მთელს დასავლეთ საქართველოს ფარავს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.  ეს  შესაძლებელი გახდა  პროგრამის მცირე გრანტის პროექტის "დაიხმარე მედია, გახდი აქტიური" განხორციელების ფარგლებში, რადგან მოსწავლეებს ტელეკომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ.  მემორანდუმის გაფორმების მთავარი მიზანი ამ  ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავებაა. ამ დოკუმენტის საფუძველზე ტელეკომპანია ,,რიონი’’  სამოქალაქო კლუბის წევრების სასწავლო ვიზიტებსა და სტაჟირებებს უმასპინძლებს. ამის გარდა, მემორანდუმის პირობების მიხედვით, ტელეკომპანია გააშუქებს კლუბის მიერ დადგმულ ღონისძიებებს, ახალგაზრდულ პრობლემებს მიუძღვნის სპეციალურ გადაცემებს, რომლებშიც სამოქალაქო კლუბის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. 

,,მოხარულები ვართ, რომ ტელეკომპანია ,,რიონმა’’ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  საინტერესო და მრავალმხრვი ურთიერთობა გამოგვივიდეს,’’ - განაცხადა ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  ლიდერმა ბერიკა თავაძემ.