სოფელი კლდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით დებატების ტურნირი დაიწყო

2013 წლის 21 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „დებატების გამართვის ტექნიკა და ტექნოლოგიები“. სამოქალაქო კლუბს „ახალი თაობა“, წლიური სამოქმედო გეგმის მიხედვით დაგეგმილი ჰქონდა ჩაეტარებინა რაიონული   დებატების  ტურნირი, მაგრამ  სამწუხაროდ მოსწავლეებს არ  გააჩნდათ დებატების ჩატარების საკმარისი ცოდნა და უნარები. პარტნიორი, ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების  პედაგოგმა, ქ-ნმა ნინო ნადირაძემ  მზადყოფნა გამოთქვა სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის ჩაეტარებინა ტრენინგი - „დებატების გამართვის ტექნიკა და ტექნოლოგიები“.  ტრენინგში მონაწილეობდნენ სოფელ კლდისა და პროგრამაში ჩართული ახალციხისა და ასპინძის სამოქალაქო კლუბების ლიდერები (სულ 20 მონაწილე). ტრენინგზე განიხილეს  დებატების  სხვადასხვა ტიპები, დებატების პრინციპები და ამოცანები. პრაქტიკული სავარჯიშოს დროს მონაწილეებმა  გამართეს დებატები თემაზე „უნდა იყოს თუ არა სკოლაში მანდატური“ . 
ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ სამოქალაქო კლუბის ლიდერები სკოლაში ჩაატარებენ  დებატებს სხვადასხვა  თემებზე, ხოლო შემდეგ  დებატები ჩატარდება  ახალციხეში  გამარჯვებულ გუნდებს შორის.  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს დებატების ფინალური კონკურსის ორგანიზებაში და მხარი დაუჭიროს მოსწავლეების ინიციატივას - კერძოდ, უზრუნველყოს ტრანსპორტირება და ფართი ღონოსძიების ჩასატარებლად.