მუხრანის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი - პაატა გურგენიშვილი


,,... იმ საქმეს, რასაც ბლოგერობა ჰქვია, არასდროს დავანებებ თავს“ _ წერს თავის ერთერთ პოსტში ბლოგერი და  მუხრანის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი პაატა გურგენიშვილი.


პაატა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ერთერთი წარმატებული მონაწილეა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნინო დოლიშვილისა და მისი მოსწავლეების აქტივობას ამ პროგრამაში ჩართვამ ახალი და მეტად ხელსაყრელი პირობა შეუქმნა. კლუბი ,,ბური“ რეგიონში პროგრამის ამოქმედებიდან (2012 წლის იანვარი) უმოკლეს დროში შეიქმნა და  თავდაუზოგავად შეუდგა მუშაობას პროგრამის ყველა მიმართულებით.


პაატა 2012 წლის მარტში ჩატარებული სოციალური მედიის ტრენინგის პირველივე ნაკადის მონაწილედ შეირჩა და ამან , როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ განაპირობა მისი პროფესიული არჩევანი.


_ ტრენინგმა და შემდეგში ამ მიმართულებით ჩატარებულმა სწავლებამ საშუალება მომცა გამეაზრებინა სოციალური მედიის შესაძლებლობები და ამეთვისებინა საჭირო უნარ-ჩვევები ამ საქმისათვის. ისე დამაინტერესა ბლოგზე წერამ, რომ გადავწყვიტე ჟურნალისტი გავხდე... ჩემს კლუბსა და სკოლაში თანატოლთა ტრენინგები ჩავატარე და ჩემმა მეგობრებმაც ბლოგები შექმნეს. პროგრამის საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობამ, სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგმა, შეხვედრებმა საინტერესო ადამიანებთან, ჩვენი კლუბის მოხალისეობრივმა და საქველმოქმედო ღონისძიებებმა, თანამშრომლობამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან საკუთარი თავი  სკოლისთვის, თემისთვის და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანად მაგრძნობინა. ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო, რომ ღირსეული მოქალაქე მერქვას. ჩვენი კლუბი და მისი მეურვე პედაგოგი, სულ ახალ-ახალ საქმეებს ვგეგმავთ და ეს მოტივაციას გვმატებს, _ გვიამბობს პაატა.


პაატას ბლოგი (http://boerclub.wordpress.com/) ყველასთვის ხელმისაწვდომია და ის კომენტარებს და ,,ლაიქებსაც“ ელოდება. 
 

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი