ლიხაურის მოსწავლეების პროექტი - ,,ჩვენ თქვენთან ვართ“

2013 წლის 7-8 თებერვალს ლიხაურის საჯარო სკოლის  მცირე გრანტის პროექტის ,,ჩვენ თქვენთან ვართ“ ფარგლებში გასვლითი შეხვედრა-სემინარები მოეწყო დაბა ნარუჯისა და დაბა ლაითურის საჯარო სკოლებში. სემინარის მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია იყო. ნარუჯის საჯარო სკოლაში შვიდი ხოლო ლაითურში კი - თერთმეტი სპეციალური საჭიროების მოსწავლე სწავლობს.
სემინარს უძღვებოდა ფსიქოლოგი თამარ აბაშმაძე. იგი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა განსაკუთრებულ საჭიროებებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში დარღვევათა კატეგორიებზე, მიზეზებსა და სიმპტომებზე. შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად დაესწრნენ მასწავლებლები და მშობლები. მათ გამოთქვეს საკუთარი აზრი  და  შეხედულებები, ასევე ისაუბრეს იმ პრობლემებსა და საჭიროებებზე, რომელსაც ამ კუთხით აწყდებიან. ლიხაურის საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს პროგრამისა და პროექტის მიზნები და ამოცანები.