გამოვლიდნენ მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოვლიდნენ  მცირე საგრანტო კონკურსის რიგით მეექვსე რაუნდის გამარჯვებულები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი 319 განაცხადიდან მცირე საგრანტო კონკურსის კრიტერიუმებიდან გამომდინარე შეირჩა 85 განაცხადი. პროექტები, რომლებიც დაფინანსდება, მოიცავს ახალგაზრდების მიერ ბიზნეს სექტორის ჩართვას საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების მოგვარების საქმეში, მედიასთან თანამშრომლობას, ახალგაზრდების მონაწილეობით სკოლისა თუ თემის პრობლემების მოგვარებას, მოსწავლეთა თვითმმართველობის და / ან სასკოლო სამოქალაქო კლუბების გაძლიერებას, ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, კანონის უზენაესობის პოპულარიზაციას, მოსახლეობის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას,  ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას, ადვოკატირებას და გენდერული თანასწორობის საკითხებს. 

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭათ იმ სკოლებსა და სასკოლო სამოქალაქო კლუბებს, რომლებმაც წარმოადგინეს ინოვაციური საპროექტო იდეა, ასევე იმ განაცხადებს, რომლებშიც ნათლად ჩანდა ახალგაზრდების თანამშრომლობა მედიასთან და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

გამარჯვებული მცირე საგრანტო პროექტების ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე www.initiatives.ge. დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რეგიონალური პარტნიორი ორგანიზაციებიდან, რომელთა საკონტაქტო ინფორმაციას ამავე ვებგვერდზე იხილავთ.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ყველა გამარჯვებულ აპლიკანტს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს პროექტების წარმატებით განხორციელებას; მცირე გრანტებით დაინტერესებულ კანდიდატებს კი მოუწოდებს მომავალში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისაკენ.