ნახიდურის საჯარო სკოლის საგრანტო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

2013 წლის 11 თებერვალს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო  სკოლის მცირე საგრანტო პროექტის „ქართული  ენა  წარმატებული მოქალაქეობისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტის მიზანი იყო ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა, სამოქალაქო განათლების სწავლება და მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება.
პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის სკოლამ გამოყო ოთახი, რომელიც არის ქართული ენისა და სამოქალაქო კლუბის კაბინეტი. ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი, დაკომპლექტდა ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფი, რომელსაც კვირაში სამჯერ უტარდება დამატებითი მეცადინეობები ქართულ ენაში. ჩატარდა ორი ტრენინგი თემატიკაზე: „რას ნიშნავს იყო აქტიური  მოქალაქე“, „სამოქალაქო  განათლების როლი და მნიშვნელობა“. ასევე ჩატარდა  დისკუსია თემაზე: "როგორ ვიყო უკეთესი  მოქალაქე". ქართული ენის კაბინეტში მოეწყო ქართველი და არაქართველი მწერლების პოეზიის საღამო.
პროექტის ფარგლებში სკოლამ შეიძინა სკამები და თვალსაჩინოებები ახალი კაბინეტისთვის და ასევე საკანცელარიო მასალა. 
კაბინეტის მოწყობის პერიოდში მოსწავლეები დაუკავშირდნენ  ნავთობ-კომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელობას თხოვნით გამოეყოთ ახალი კაბინეტისათვის გარკვეული ინვენტარი. სოკარმა დააკმაყოფილა თხოვნა და გადასცა ნახიდურის სკოლას ტელევიზორი, პრინტერი და DVD პლეიერი - სულ 1169 ლარის ღირებულების საჩუქარი.
გრანტის ფარგლებში ორგანიზებული ქართული ენის და სამოქალაქო კლუბის კაბინეტი აქტიურად ფუნქციონირებს და უდაოდ დაეხმარება სამოქალაქო კლუბის წევრებს უკეთ დაგეგმონ და განახორციელონ საკლუბო აქტივობები.