ქ.თბილისის მერი საზაფხულო ბანაკს ეწვია

14 ივლისს ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკს ეწვია. მერმა ბანაკის მონაწილეებთან ერთად განიხილა საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების ფარგლებში შესაძლო ურთიერთ თანამშრომლობის პერსპექტივები. ბანაკი „მე აქტიური მოქალაქე ვარ“ ტარდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია “PH International” (პროექტი ჰარმონია) და აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ბანაკის მონაწილეები არიან მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს პროექტები და ინიციატივები საზოგადოების საკეთილდღეოდ, თავიანთი სკოლის, თემის, ქალაქის საჭიროებათა საპასუხოდ. ბანაკის მსვლელობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ცოდნა მოხალისეობის, დამოუკიდებელი ძალისხმევისა და ადვოკატირების შესახებ, შეიმუშავონ ერთობლივი პროექტები, მოიძიონ თანამოაზრეები და დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა სასკოლო სამოქალაქო კლუბებში.