„ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ“

ქარელის რაიონის დაბა აგარის საჯ. სკოლის  სამოქალაქო კლუბი „ალიონის“ წევრებმა მცირე გრანტის  პროექტის „ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ“ ფარგლებში დახმარება გაუწიეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.  
კლუბის ლიდერის ლადო ოქროპირიძის თქმით,  „დაბაში მცხოვრებ შშმ ბავშვებს   ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება და თანადგომა.ისინი არიან სახლში ჩაკეტილები მხოლოდ იმის გამო, რომ არ ხდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია, ღონისძიებებში  ჩართვა,   დაავადების სიმძიმის გამო ბავშვებმა  ვეღარ შეძლეს სკოლაში სიარული. ისინი  სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და არა აქვთ წიგნები, სასკოლო ნივთები, სათამაშოები...“
მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში სამოქალაქო კლუბმა „ალიონმა“ დაბეჭდა და გაავრცელა ფლაერები, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია  პროექტის მიზნების შესახებ,  ითანამშრომლა  ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სკოლის დირექციასთან, პედაგოგებთან, მშობლებთან, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კავკასიონთან“. მათი მხარდაჭერით  კლუბის წევრებმა  ჩაატარეს საქველმოქმედო ღონისძიებები, მოაწყვეს ვიქტორინები და თამაშები,  ტკბილეულის, ხელნაკეთი და მოსახლეობისგან შემოწირული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გამართეს საქველმოქმედო კონცერტი,  თითოეულ ღონისძიებაში  აქტიური მონაწილეობა მიიღეს თავად შშმ ბავშვებმა, მათმა მშობლებმა.  ღონისძიებებიდან  შემოსული თანხით კლუბის წევრები დაეხმარნენ  შშმ ბავშვებს, მ.შ, 2 ბავშვს გადაეცა საკანცელარიო ნივთები და წიგნები, 1 მცირეწლოვან ბავშვს გადაეცა მკურნალობისათვის თანხა - 100 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხით 1 შშმ ბავშვს შეუძენენ  კომპიუტერს. 
სკოლის დირექციამ სამოქალაქო კლუბის წევრები  აქტიური და წარმატებული მუშაობისათვის ექსკურსიაზე წაიყვანა, ხოლო კლუბის მეურვე პედაგოგი  ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
სამოქალაქო კლუბის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაშუქდა ადგილობრივ გაზეთში „ქართლის ქრონიკა“