მჭადიჯვარში მცირე მუზეუმი გაიხსნება

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბი ,,სხივი“ მცირე გრანტის ფარგლებში ახორციელებს პროექტს, რომელიც სოფელში მცირე მუზეუმის მოწყობას ითვალისწინებს. კლუბი დაინტერესდა სოფლის ისტორიით. მჭადიჯვარი ბაგრატიონების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. სოფელში შემორჩენილია მათი სახლი, ნივთები და გადმოცემები. ბავშვებმა გადაწყვიტეს  მოაწყონ პატარა ექსპოზიცია და მოემზადონ გიდობისთვის, რომ სოფელში ჩამოსულ სტუმრებს სოფლის და მუზეუმის ისტორია გააცნონ.
კლუბის წევრებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგის დახმარებით უკვე მოიძიეს და შეიძინეს მემორიალური ნივთები და ჩაატარეს კონფერენცია. ახალგაზრდა გიდები ემზადებიან მიიღონ სტუმრები.
2013 წლის 23 იანვარს კლუბის წევრები იმყოფებოდნენ სააქციო საზოგადოება ,,შატო-მუხრანში“, სადაც  შეხვდნენ ისტორიკოს აკაკი  გელაშვილს, რომელიც ბაგრატიონების თემაზე მუშაობს. ბატონმა კაკომ კლუბის წევრებს აღუთქვა ფოტომასალის მომზადება, რომელიც მათ ექსპოზიციას შეავსებს.
პროექტის დასასრულს მუზეუმი პირველ დამთვალიერებლებს მიიღებს.

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი