გორის მუნიციპალიტეტსა და საზოგადოება „ბილიკს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2012 წლის 26 დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტსა და საზოგადოება „ბილიკს" შორის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და საზოგადოება  
,,ბილიკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მარიკა მღებრიშვილმა. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს შიდა ქართლში ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცოდნის ამაღლებას, მათ გააქტიურებას და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში მონაწილეობას.
 
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში  მოეწყო სადაც ასევე გორის მე-3 და მე-9 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების საქმიანობების და პროექტების  პრეზენტაცია გაიმართა.
 
,,აღნიშნული შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული აქტივობები განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის 25 სკოლაში, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობას. გორის მუნიციპალიტეტის მიესალმება მსგავს ინიციატივებს და ხელს შეუწყობს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მსგავსი პროექტების განხორციელებაში“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პრესსამსახურის, ადგილობრივის მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროგრამის პარტნიორის სკოლების დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები.