მარნეულის #8 საჯაროსკოლის საგრანტო პროექტი „ქართული სიტყვა“

მარნეულის #8 აზერბაიჯანულ ენოვანი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ჩემები“ 2012 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბდა. კლუბმა დაარსების დღიდან აქტიურად დაიწყო მუშაობა, განახორციელა არაერთი საკლუბო და სათემო აქტივობა, კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგებში, საჯარო ვიზიტებში და შეხვედრებში ცნობილ ადამიანებთან.
 
2012 წლის შემოდგომაზე პროგრამის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში კლუბმა გრანტიც მოიპოვა. საგრანტო პროექტი „ქართული სიტყვა“ მიზანად ისახავდა ქართული ენის სწავლების ხელშეწყობას და კლუბის  საქმიანობის გააქტიურებას.  პროექტის განხორციელებისათვის  სკოლის ადმინისტრაციამ  კლუბს დაუთმო ოთახი, რომელიც კლუბის წევრებმა თავად დაასუფთავეს და მოაწყვეს. გრანტის თანხით შეიძინეს ქართული ლიტერატურა, თვალსაჩინოებები, მუსიკალური ცენტრი აუდიო მასალის მოსასმენად, სკოლამ კლუბის ოთახისთვის  გამოუყო ახალი მერხები და სკამები. კლუბის ოთახს  ქართული ენის კაბინეტის ფუნქცია დაემატა და  ჩატარდა ლიტერატურული საღამო, რომელზეც  აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაური” და გამართეს დისკუსია თემაზე - “თემის გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე”.  კლუბის წევრებმა მეურვეების შორენა ბუაძისა და სალომე ხოზრევანიძის დახმარებით მოიწვიეს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი”-ს ხელმძღვანელი ზაურ ხალილოვი.     ბატონმა ზაურმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, სამოქალაქო აქტიურობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. გაიმართა დისკუსია „რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე“.
 
2012 წლის 20 დეკემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კლუბმა „ჩემები“ განხორციელებული საგრანტო პროექტის „ქართული სიტყვა“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ მარნეულის #3, 5, 7 და #8 სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები,  მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმოამდგენელი, პრორგამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა და PH International-ის მცირე გრანტების მენეჯერი ინგა ქიბროწაშვილი. კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს საგრანტო პროექტის მიმდინარეობისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ. 
 
პროექტის განხორციელების შედეგად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა აიმაღლეს  ქართული ენის ცოდნის დონე, მათთვის სწავლის პროცესიც უფრო საინტერესო გახდა და შედეგად პრეზენტაციაც და თანმდევი დისკუსია ქართულ ენაზე წარიმართა.
 
პრეზენტაციაზე დამსწრე სტუმრებმა აღნიშნეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მნიშვნელობა განსაკუთრებით არაქართული სკოლებისათვის, ეს პროგრამა ეხმარება მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, ასევე ხელს უწყობს ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებას.
 
საგრანტო პროექტის „ქართული სიტყვა“ ფარგლებში მარნეულის #8 საჯარო სკოლაში შექმნილი ქართული ენის კაბინეტი, რომელიც ამავდროულად სამოქალაქო კლუბის ოთახიცაა, აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას პროექტის დასრულების შემდგომაც და ხელს შეუწყობს მარნეულში კლუბის მიერ სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას.