რუსთავის #18 სკოლაში რადიოკვანძი ამოქმედდა

რუსთავის #18 საჯარო, ქართულ-აზერბაიჯანულ სკოლაში 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ამიტომ სასწავლო პროცესი სკოლაში ორ ცვლად მიმდინარეობს.   მოსწავლეთა თვითმმართველობას  და სკოლის ადმინისტრაციას უჭირდა ინფორმაციის გავრცელება სკოლაში და მოსწავლეებთან კომუნიკაცია. ხშირად იყენებდნენ  საგაკვეთილო დროს, რაც ხელს უშლიდა სასწავლო პროცესს.
 
სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებად სკოლაში რადიოკვანძის გამართვა მიიჩნიეს.  შეადგინეს  სკოლის რადიოკვანძის სქემა, მოიკვლიეს რადიოკვანძისათვის საჭირო აღჭურვილობის ღირებულება  და რადგან რადიოკვანძის მოწყობის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად აღემატებოდა საგრანტო თანხას, დახმარებისათვის  მიმართეს სხვადასხვა კომერციულ ფირმებს, სკოლის ადმინისტრაციას, მედიას. შედეგად ქ. რუსთავის მე-18 სკოლის ადმინისტაციამ და კომპიუტერულმა კომპანიამ „ჯოებიტმა“ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია მოსწავლეთა ინიციატივას ხოლო  ადგილობრივმა მედიამ,  უზრუნველყო პროექტის მიმდინარეობის გაშუქება.  
 
პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად, სკოლის ოთხივე სართულზე  გაიჭიმა რადიოქსელი, დაიდგა 8 ხმამაღლამოლაპარაკე. რადიომაუწყებლობა იწყება დილით გაკვეთილების დაწყებამდე 30 წთ-ით ადრე და გრძელდება ყოველ  დასვენებაზე.   მისი მსმენელები არიან სკოლის ორივე სექტორის წარმომადგენლები.
 
მაუწყებლობის განმავლობაში სასკოლო საზოგადოება ეცნობა   სკოლის სიახლეებს, ინფორმაციას  მიმდინარე სასკოლო პროექტებისა და პროგრამების შესახებ,  პერიოდულად შუქდება სასკოლო სამოქალაქო კლუბის  მუშაობა. რადიოკვანძის ეფექტური მუშაობისათვის სარედაქციო ჯგუფმა შექმნა სხვადასხვა კლუბები:  სპორტული, საგანმანათლებლო  - შემეცნებითი, ხელოვნების და საინფორმაციო, რომლებიც რადიოკვანძის დახმარებით ინფორმაციას აწვდიან მოსწავლეებს მათ მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
 
რადიოკვანძის დახმარებით განხორციელდა არაერთი საკლუბო აქტივობა, გაშუქდა თემში არსებული პრობლემები.