კლუბის ინიციატივით, ძეგვს სპორტული მოედანი აქვს

ძეგვის საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბ  ,,სინათლის კლუბის“ წევრებმა  ჯერ კიდევ წინა სასწავლო წელს მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან ვიზიტის დროს ისაუბრეს სპორტული მოედნის საჭიროების შესახებ, რომლითაც მოსწავლეებიც ისარგებლებდნენ და სოფლის სხვა მცხოვრებნიც. საკრებულომ გაითვალისწინა კლუბის წევრთა წინადადება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. სკოლის ეზოში მოეწყო მინი სპორტული მოედანი, რომელიც ნოემბრიდან კლუბის წევრების, სკოლის სხვა მოსწავლეებისა და სოფლის ახალგაზრდობის საყვარელ ადგილად იქცა. აქ ტარდება ფიზკულტურის გაკვეთილები, და სხვადასხვა სპორტული, მეგობრული შეჯიბრებები.   
სპორტული მოედანის მოწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების წინაპირობად იქცა სკოლის 300-მდე მოსწავლისა და სოფლის ახალგაზრდობისათვის.
 
„სპორტული მოედნით ყველა კმაყოფილია, ჩვენც და სოფელის ახალგაზრდობაც. გვიხარია, რომ თვითმმართველობამ გაითვალისწინა ჩვენი წინადადება. გაზაფხულიდან სხვადასხვა შეჯიბრებებსაც დავგეგმავთ“ -სთქვა გიორგი მარქარაშვილმა, კლუბის  ლიდერმა
 
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასკოლო სამოქალაქო კლუბს სოფელში უკვე იცნობენ, იცნობენ კარგი საქმეების მოთავეობით, მოხალისეობრივი საქმიანობით. მათი დამსახურებების ნუსხას ახლა სპორტული მოედანიც შეემატა.
 
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი