სკოლა „ერუდიტის“ სამოქალაქო კლუბის ინიციატივა ბარისახოს პანსიონის ბავშვებისათვის

2012 წლის 4 დეკემბერს თბილისის სკოლა „ერუდიტის“ სამოქალაქო კლუბის წევრები, „მწვანე სკოლის“ სამოქალაქო კლუბის ორი წარმომადგენელი, სკოლა „ერუდიტის“ დირექტორი ქეთევან ჯანუაშვილი, კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი მარიამ ლომიძე და ორი მშობელი არსენ გვენეტაძე და  ნინო სარჯველაძე (სულ 25 მონაწილე) ეწვივნენ ბარისახოს სკოლასა და მასთან არსებულ ბავშვთა პანსიონს.  ინიციატივის მიზანი იყო   ბარისახოს ბავშვების (53 ბავშვი) დახმარება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. კლუბის წევრებმა წინასწარ ჩაატარეს კვლევა ბარისახოს ბავშვების საჭიროებების გამოსავლენად. მათ განახორციელეს საქველმოქმედო ღონისძიება  ერუდიტის სკოლაში (ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა სოციალური ქსელების საშუალებით), მოაგროვეს თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საკვები პროდუქტები, თანხა, რითაც შეიძინეს სასკოლო რუქები, და ბარისახოში ვიზიტისას  საჩუქრად გადასცეს ბავშვებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ერუდიტის კლუბის წევრის აქტიურმა მშობელმა, ბ-მა არსენმა, გადასცა ბარისახოს ბავშვებს მის მიერ მოპოვებული, ცნობილი მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას შექმნილი რუქები.
 
სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანატოლებს ჩაუტარეს ტრენინგი „მონაწილეობის კიბე“. მოაწყვეს „კარნეგის წიგნის“ ეპიზოდების  განხილვა, ერთობლივად შექმნეს „ნატვრის ხე“, რითაც კიდევ ერთხელ გაეცნენ ბავშვების საჭიროებებს და დასახეს სამომავლო გეგმები ბარისახოს პატარების დასახმარებლად. ბარისახოელმა ბავშვებმა სტუმრებისათვის მოაწყვეს კონცერტი. ამ ვიზიტისათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილ იქნა სამოქალაქო განათლების პროგრამის ინიციატივის ფონდებით.