ვიქტორინა სკოლის მოსწავლეებისთვის „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“

2012 წლის 11 დეკემბერს, 12 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის თბილისის პარტნიორი  სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა. პროგრამას ახორციელებს PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
 
ვიქტორინის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება და ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული ენციკლოპედიების – ,,რელიგიები საქართველოში“ და ,,ეთნოსები საქართველოში“ – პოპულარიზაცია.

გაეროს განვითარების პროგრმის მხარდაჭერით გამოცემულ წიგნებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა. ვიქტორინაში მონაწილოების მისაღებად თბილისის სკოლების მოსწავლეებს სწოერედ ეს ენციკლოპედიები უნდა შეესწავლათ.
ვიქტორინაში მონაწილეობდა თბილისის ათი სკოლის ათი წევრიანი გუნდი (# 10, 42, 51, 53, 181, 169 საჯარო სკოლები, მე-6 საავტორო, 1-ლი ექსპერიმენტული, ბრიტანულ ქართული აკადემია და სკოლა „ერუდიტი“). 
ვიქტორინის დაწყებამდე მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიესალმა. მან აღნიშნა, რომ ვიქტორინაში, რომელიც ახალგაზრდებისათვის საქართველოში არსებული რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების გაცნობას ისახავს მიზნად, არ შეიძლება არსებობდეს წაგებული ან მოგებული გუნდი, რადგან თავისთავად ის, რომ მოსწავლეები ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო პუბლიკაციებს გაეცნენ, უკვე დიდი მიღწევაა. სახალხო დამცველმა ახალგაზრდებს უთხრა, რომ ცოდნა, რომელსაც ისინი ამ მიმართულებით დააგროვებენ, მომავალში დემოკრატიული და პლურალისტური ქვეყანის შენებასა და განვითარებაში დაეხმარებათ.
 
სამრაუნდიანი, დაძაბული ასპარეზობის შედეგად, გამარჯვება წილად  ხვდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის გუნდს.  გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებითა და სიგელებით. ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი. 
 
ვიქტორინის საპატიო ჟიურის წევრები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ერემაშვილი და PH International–ის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი, მარინა უშვერიძე.

ვიქტორინის დასრულების შემდეგ მონაწილეებისათვის მოეწყო ექსკურსია. მოსწავლეებმა და მათმა მხარდამჭერებმა  მოინახულეს გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთი და სინაგოგა.  თოთოეულ სალოცავში მოსწავლეებს ადგილობრივმა სასულიერო პირებმა უმასპინძლეს და საქართველოში მათი არსებობის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ესაუბრნენ.
 
ვიქტორინა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.