პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა

2012 წლის 8 დეკემბერს თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის მორიგი შეხვედრა შედგა. 
 
კომიტეტმა შეაჯამა ფორუმის ფარგლებში გამართული რეგიონული ღია გაკვეთილები და მრგვალი მაგიდები. ACETT-ის პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა. შეხვედრის მიზანი იყო რეგიონული მრგვალი მაგიდების კვალდაკვალ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე საუბარი.  გამართულმა დისკუსიებმა და აზრთა გაცვლა-გამოცვლამ პროგრამასთან განათლების სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის საჭიროება და მნიშვნელობა გამოკვეთა, მისთვის მზადყოფნა კი ყველა მხარემ გამოთქვა. პროგრამის კონკრეტული შეთავაზება იყო ერთის მხრივ: საქართველოს ყველა რაიონის რესურსცენტრის უზრუნველყოფა პროგრამის ფარგლებში გამოცემული სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოებით და მეორე: ფორუმის რეგიონალურ შეხვედრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა ჩართვა.

კომიტეტმა დაგეგმა და შეათანხმა ფორუმის ღონისძიებები. თებერვლის ბოლოს კვლავაც გაიმართება მასტერ კლასები ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით. საქართველოს ყველა რეგიონი მარტის ბოლოს რეგიონულ კონფერენციებს, ხოლო აპრილის თვეში ღია გაკვეთილებს გამართავს.

კომიტეტმა გადაწყვიტა, დამდეგ წელს ფორუმის ეროვნული გამოფენა-კონფერენცია 11 მაისს ჩაატაროს და პლენარულ თუ სასემინარო რეჟიმში იმსჯელოს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სასერთიფიკაციო გამოცდები, სწავლების ინტერაქტიული მეთოდები, კლუბური მუშაობა და კლუბებს შორის თანამშრომლობა, პედაგოგთა მოტივაციის ზრდა, არაქართულ სკოლებში საგნის სწავლების გაუმჯობესება და სხვ.
 
გამოფენა-კონფერენციაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან კვლავაც დაჯილდოვდება სამოქალაქო განათლების წლის 11 საუკეთესო პედაგოგი. კონკურსი 15 დეკემბერს გამოცხადდება. 
 
ფორუმი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში მოღვაწეობს. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).