საქველმოქმედო ღონისძიება ბათუმში

2012 წლის 28 ნოემბერს, ბათუმის # 14 საჯარო  სკოლის სამოქალქო კლუბის  „მზიანეთის“ წევრები ესტუმრნენ  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან არსებული წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სახლ „სავანას“ და იქ მცხოვრებ ხანდაზმულებისთვის მოაწყვეს ღონისძიება  „გვიანი შემოდგომა“. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდების მიერ ხანდაზმულთა თანადგომა. 
სამოქალაქო კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქცია განახორციელეს და აქციის შედეგად   შეგროვილი შემოდგომის ნობათი მიიტანეს სათნოების სახლში და  მცირე გასართობი  კონცერტი გამართეს.
კონცერტისთვის მზადების პერიოდში მე – 14 სკოლის ვაჟთა ფოლკლორულ  ანსამბლს  „ორნანოს“ და სათნოების სახლთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ „სათნოებას“ ჰქონდათ ერთობლივი რეპეტიციები  რომელსაც ხელმძღვანელობდა  აჭარის დამსახურებული მოღვაწე „ორი თაობის ერთი მაესტრო “ – დავით აბულაძე.
კონცერტზე ორივე თაობის წარმომადგენლებმა  შეასრულეს  ქართული სიმღერები, ცეკვები და  შემოდგომაზე დაწერილი  ლექსები წაიკითხეს.
კონცერტის პარალელურად სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაკრიფეს ყურძენი,  ამოავლეს ჩურჩხელები და სათნოების სახლში მცხოვრებ ხანდაზმულებს  და სტუმრებს შემოდგომის ნობათით უმასპინძლეს. სამოქალაქო კლუბმა ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად მოიწვიეს ფერიის და ბათუმის # 26 საჯარო სკოლების სამოქალაქო  კლუბის წევრები. 
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სამოქალაქო კლუბის ძალისხმევით დღეს შევძელით „სავანაში“ მცხოვრები ხანდაზმულების გამხიარულება, საშუალება მოგვეცა მათთან ერთად გვემღერა, გვეცეკვა და ლექსები გვეთქვა. ჩვენი კლუბისგან ეს ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება, ჩვენ კიდევ ვგეგმავთ მათთან სტუმრობას კალანდობის დღესასწაულზე და მათთან ერთად ამ დღის აღნიშვნას.“ – თქვა სამოქალქო კლუბის  „მზიანეთის“ წევრმა, ქეთევან მემიაძემ. 
სათნოების სახლში გამართულ ღონისძიებას დეკანოზი შიო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელები ესწრებოდნენ. 
მე – 14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაშუქდა აჭარის ტელევიზიით.