შეხვედრა გამოცდების ეროვნულ ცენტრში

2012 წლის 28 ნოემბერს გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა, რომელიც პროგრამის პრეზენტაციას და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების თემას მიეძღვნა. პროგრამას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით 2010 წლიდან ახორციელებს ორგანიზაცია PH international (ადრე ცნობილი, როგორც პროექტი „ჰარმონია“) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. მისი მიზანი სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება, ახალგაზრდების ცოდნის და სამოქალაქო აქტივობის ამაღლება და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში მათი ჩართვის ხელშეწყობაა.

შეხვედრას უძღვებოდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, რომელმაც საკუთარ პრეზენტაციაში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და დღემდე მიღწეული შედეგები გააცნო შეხვედრის მონაწილეებს. პედაგოგთა ფორუმის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგ–კურსის  და პედაგოგთა გადამზადების შესახებ ისაუბრა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა ირინა ხანთაძემ, ხოლო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური მრგვალი მაგიდების ანგარიში ფორუმის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტმა გიორგი გახელაძემ წარმოადგინა. სამოქალაქო განათლების ექსპერტი და პროგრამის ფარგლებში გამოცემული დამხმარე ლიტერატურის ავტორთა ჯგუფის ლიდერი ნინი ბესელია სახელმძღვანელოების საკითხს შეეხო, ხოლო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების რეალური სურათი და პრობლემატიკა პროგრამის მონაწილე პრაქტიკოსმა პედაგოგებმა ნონა ფიფიამ და მაკა ბიბილეიშვილმა წარმოადგინეს.

შეხვედრაში გამოცდების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მონაწილეობდნენ: გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე, ცენტრის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი, ისტორიის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი მიხეილ ბახტაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კოორდინატორი გიორგი მარტაშვილი, სამოქალაქო განათლების კუთხით ისტორიის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი ირმა ხომერიკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო რევიშვილი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქეთევან ტაბატაძე, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის უფროსი თეა ქარჩავა და სამოქალაქო განათლების ექსპერტი ნიკოლოზ სილაგაძე.

შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების შედეგად ნათელი გახდა პროგრამის როლი და მნიშვნელობა სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების, საგნის პრესტიჟის და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში. გაიმართა დისკუსია, რომელიც სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს შეეხო. აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობამ პროგრამასთან განათლების სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის საჭიროება და მნიშვნელობა გამოკვეთა და აქედან გამომდინარე დაისახა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივაც და მზაობა. ამ თანამშრომლობის პირველი კონკრეტული ნაბიჯები PH international – ის მხრიდან სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრაზევე შესთავაზა მარინა უშვერიძემ. ეს გახლავთ:
1) საქართველოს ყველა რაიონის რესურსცენტრის უზრუნველყოფა პროგრამის ფარგლებში გამოცემული სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოებით;
2) ფორუმის რეგიონალურ შეხვედრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა ჩართვა;

შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე მუშაობა და მომავალი თანამშრომლობის საპასუხო ნაბიჯები აღუთქვეს თავის მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მესვეურებს.