სოცმედიის ტრენინგი სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის

2012 წლის 24-25 ნოემბერს შიდა ქართლის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის,  გორში,  სოციალური მედიის ტრენინგი გაიმართა. თითოეული ტრენინგისათვის შერჩეული იყო 10-11 მონაწილე.  ტრენერებმა მაია გულისაშვილმა და სოფო შავშიშვილმა მოსწავლეებს  გააცნეს სოციალური მედიის მახასიათებლები. ესაუბრნენ სახალხო ჟურნალისტიკის არსზე, ჟურნალისტის პასუხისმგებლობაზე, სოციალური მედიისა და ტრადიციული მედიის ერთობლივ მოქმედებაზე.

ტრენინგის მონაწილეებმა ტრენერების დახმარებით დაარეგისტრირეს საკუთარი ბლოგები და შეიძინეს სოციალურ მედიაში მუშაობის  უნარები. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მომავალ ბლოგერებს ახალი საკლუბო აქტივობების დაგეგმვაში, ორგანიზებაში და საკლუბო საქმიანობის პოპულარიზებაში დაეხმარებათ.

„ძალიან მინდოდა საკუთარი ბლოგი შემექმნა. სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში ყოფნისას მივიღე ინფორმაცია ბლოგების შესახებ. ბანაკში შეძენილმა მეგობრებმა დახმარებაც შემომთავაზეს საკუთარი ბლოგი შემექმნა.  დღეს რეალური შესაძლებლობა მომეცა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკლუბო საქმიანობაში გამომადგება,“ - სთქვა ანა ჭრელაშვილმა, კასპის რ-ნის სოფ. დოესის სკოლის მოსწავლემ. 

„უკვე მეორე წელია სოცმედიის ტრენინგებს ვატარებ სამოქალაქო კლუბის  წევრებისთვის. ტრენინგის მონაწილე მოსწავლეები  ძალიან დაინტერესებულნი არიან მეტი ცოდა შეიძინონ და   წარმატებული ბლოგერები გახდნენ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და გაიმარჯვონ. ბევრი მათგანი ჟურნალისტიკით და სოცმედიის საკითხებით არის დაინტერესებული და ეს ტრენინგები მათთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა წინ სვლის. როდესაც ჩვენი ტრენინგების მონაწილეების წარმატებებს ვიგებ ძალინ მიხარია“ - სთქვა სოფო შავშიშვილმა, სოცმედიის ტრენერმა.