ქვემო ქართლში საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყო

2012 წლის 20 ნოემბერს მარტყოფის #2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა  გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მცირე საგრანტო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება“ - პირველი აქტივობა. პედაგოგმა მარიკა სოლღაშვილმა მარტყოფის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი”, რომელსაც ესწრებოდა  34 მოსწავლე სასკოლო სამოქალაქო კლუბებიდან.  ტრენინგზე, ახალგაზრდებმა მიიღეს  ინფორმაცია ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნებლობის შესახებ.  ტრენინგი ინტერაქტიულად მიმდინარეობდა, მოსწავლეების მხრიდან დიდი იყო ინტერესი განხილული საკითხებისადმი, გაიმართა დისკუსია  ინფექციური დაავადებების პრევენციის საკითხებზე.
ტრენინგს დაესწრო ქვემო ქართლში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პარტნიორი ორგანიზაციის სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის  წარმომადგენლები, რომლებმაც სამოქალაქო კლუბების წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.