ტოლერანტობის ფესტივალი - „მრავალფეროვნება სამცხე-ჯავახეთში“

2012 წლის 16 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართულმა  ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის ქართული და არაქართული საჯარო სკოლების  სამოქალაქო კლუბებმა (სულ 12 კლუბი). 
ფესტივალის მომზადების პროცესში სამოქალაქო კლუბების წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ეროვნების ხალხთა კულტურის, ისტორიის და ტრადიციების შესახებ და წამოადგინეს პრეზენტაციები და ვიდეო რგოლები. ისაუბრეს იმ   ადამიანების შესახებ, რომლებიც მათი ცხოვრებისა და საქმიანობის შედეგად ტოლერანტობის სიმბოლოდ დასახელდნენ.  ფესტივალზე   წამოდგენილი იყო მათი მოღვაწეობის ამსახველი სლაიდები. ასევე, ფესტივალის მონაწილე სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოამზადეს პლაკატები ტოლერანტობის თემაზე, ნაციონალურ ტანსაცმლით გამოწყობილმა მოსწავლეებმა შეასრულეს  სხვადასხვა  სიმღერა და  ცეკვა, წარმოადგინეს  ზოგიერთი  ეთნიკური ჯგუფების ტრადიციული სამზარეულო, ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.
ფესტივალში მონაწილე  სამოქალაქო კლუბის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დაურიგდათ ორენოვანი (სომხურ-ქართული) საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც ახალგაზრდულ ცენტრში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით დამზადდა. 
ტოლერანტობის ფესტივალის დასასრულს  PH International საქართველოს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის გრანტების მენეჯერმა -  თამარ ფრუიძემ მონაწილე სამოქალაქო კლუბებს მონაწილეობისათვის სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები - სახელმძღვანელოები გადასცა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, პროგრამაში მონაწილე სამცხე-ჯავახეთის არაქართული და ქართული საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. 
ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა  ტელევიზიამ.