თბილისის სამოქალაქო კლუბების ინიციატივა იმერეთის რეგიონის ბავშვთა ინსტიტუციებში

2012 წლის 25-26 ოქტომბერს თბილისის 161,  1 ექსპ.  10,  61, 51,  169,  115, 90,  179 და ბრიტანულ-ქართული სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების 15 წევრი  და ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენლები ეწვივნენ ბორის (ხარაგაულის რ-ნი) საჯარო სკოლა-პანსიონისა და ჭიათურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დამხმარე სკოლა-პანსიონს.  ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო სამოქალაქო კლუბებისა და ინსტიტუციების მოსწავლეების ინტეგრაცია, მათი პრობლემების საზოგადოებისათვის გაცნობა და სამოქალაქო განათლების კლუბის დაარსება.
25 ოქტომბერს კლუბის წევრები ეწვივნენ ბორის სკოლა-პანსიონს, სადაც 129 ბავშვი და მოზარდი სწავლობს. უფროსკლასელ აღსაზრდელებს ჩაუტარეს სხვადასხვა სახის აქტივობები: ტრენინგები- ლიდერობა, სამოქალაქო კლუბის სტრუქტურა, პრობლემის იდენტიფიკაცია და ადვოკატირება, სოციალური მედიის საფუძვლები, ადამიანის უფლებები და სხვა. მცირეწლოვან მოსწავლეებს ჩაუტარდათ სახალისო ხატვის გაკვეთილები, თამაშები, ფილმის ჩვენება. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა მოაწყვეს სპორტული მარათონი და კონკურსი „ნიჭიერი“, რომლის მონაწილე ადგილობრივ ბავშვებთან ერთად თბილისის სამოქალაქო კლუბის წევრიც გახლდათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო მაღლაკელიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი,  კულტურის განყოფილების უფროსი ირინე ჩხეიძე და სამხრეთ აფრიკელი მოხალისე ჟიზელ ჰორნერი. კლუბის წევრებს საინტერესო საუბარი ჰქონდათ სტუმრებთან და პანსიონის დირექტორ ჰამლეტ ბერაძესთან. სტუმრებმა აღუთქვეს მოზარდებს, რომ ყოველნაირად დაეხმარებოდნენ ბორის სკოლის მოსწავლეებს სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაში.
ვიზიტის მეორე დღე დაეთმო თბილისელი მოზარდების სტუმრობას ჭიათურის დამხმარე სკოლა-პანსიონში, სადაც 25 აღსაზრდელს ჩაუტარეს სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობა (ნატვრის ხე, ხატვა, ძერწვა და სხვა), გაეცვნენ ჭიათურელი ბავშვების პრობლემებს და შეხვდნენ პანსიონის დირექტორს მურმან ბარათაშვილს.
თბილისის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელონ ინფორმაცია ზემოაღნიშნული ინსტიტუციების ბავშვების შესახებ, რითაც ხელს შუწყობენ საზოგადოების ინფორმირებას ამ ბავშვების პრობლემების თაობაზე. მოზარდები გეგმავენ მუდმივი კავშირი იქონიონ ბორის სკოლა-პანსიონის თანატოლებთან სამოქალაქო კლუბის განვითარებისა და მცირე პროექტების ხელშეწყობის მიზნით.
აქციას მხარი დაუჭირეს ფონდის  „ახალგაზრდობის დახმარებისა და განვითარების“ პროგრამის დონორებმა (ატლანტა, ჯორჯია, აშშ), რომლებმაც უზრუნველყვეს კლუბის წევრების ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება და სხვა ხარჯები. ხოლო, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს საკანცელარიო ნივთები და ენციკლოპედიები დაგეგმილი „ნიჭიერის“ კონკურსში გამარჯვებულთათვის პრიზებად გადასაცემად.
ღონისძიება გაშუქდა ორი ადგილობრივი  გაზეთის მიერ.