სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი ხაშურის #2 საჯარო სკოლაში

2012 წლის 23 ოქტომბერს ხაშურის #2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ქ-ნმა ჯილდა გელაშვილმა ჩაატარა სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი მე-9 კლასის მოსწავლეებთან. გაკვეთილის მსვლელობისას განხილულ იქნა ტრეფიკინგის (ადამიანით ვაჭრობისა) და უსაფრთხო მიგრაციის თემები, მოსწავლეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში უსაფრთხო მიგრაციის გზების გამოვლენისა და კონკრეტულ სიტუაციებში ტრეფიკინგის შესაძლო ნიშნების ადრეული აღმოჩენის მიზნით. გაკვეთილზე მსჯელობისას მოსწავლეებმა განსახილველი თემა დაუკავშირეს თავიანთ პირად გამოცდილებასა და საკუთარ ქალაქში მომხდარ შემთხვევებს, მათ ასევე განიხილეს ის შესაძლო სირთულეები, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას სდევს თან. გაკვეთილის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქ-ნი ჯილდა გელაშვილი ახდენდა მოსწავლეებს შორის კრიტიკული აზროვნების სტიმულირებას, იყენებდა მრავალფეროვან პედაგოგიურ მეთოდებს იმისათვის, რომ მოსწავლეებს განეხილათ ესა თუ ის საკითხი სხვადასხვა კუთხიდან, მოესმინათ განსხვავებული მოსაზრებებისათვის და დაესვათ შეკითხვები საკუთარი თანაკლასელებისათვის. მოსწავლეთა შეკითხვებს ტრეფიკინგთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფსიქოლოგიური საკითხების შესახებ პასუხობდნენ იურისტი და სკოლის ფსიქოლოგი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაკვეთილის მსვლელობისას ვაჟებიც თითქმის ისევე აქტიურობდნენ, როგორც გოგონები, მაშინ, როდესაც ხშირ შემთხვევებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე გოგონების აქტიურობა უფრო მაღალია. ღია გაკვეთილს დაესწრნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები შიდა ქართლის რეგიონის სკოლებიდან, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე, ხაშურის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებელი, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში, ქ-ნი ლელა წურწუმია. დამსწრე აუდიტორიამ ღია გაკვეთილი დადებითად შეაფასა. ღია გაკვეთილმა შექმნა კარგი შესაძლებლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და საგნის პოპულარიზაციის მხრივ. 

ღია გაკვეთილი გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „PH International” აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

.