სიღარიბის დაძლევის ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში

2012 წლის 17 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო კლუბებმა  სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.


ღონისძიება სახელწოდებით „ერთად ვებრძოლოთ სიღარიბეს“   ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს მოსახლეობაში.  შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში გადაინაცვლეს და  სიღარიბის თემაზე შექმნილი  სხვადასხვა შინაარსის ვიდეო ფილმები წარმოადგინეს.


აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ  სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის განყოფილების უფროსი დავით გოგალაძე და სოციალური მომსახურების აგენტები,  სხავდასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პროგრამაში მონაწილე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ადგილობრივი მედია - ტელე-რადიო კომპანია მე-9 არხი „იმპერია“, რეგიონალური გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“.


ფოტო და ვიდეო მასალების წარმოდგენის  შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის განყოფილების უფროსი დავით გოგალაძე სამოქალაქო კლუბის წევრებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ ერთად უნდა ეძებოს სიღარიბის დაძლევის გზები და არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ დახმარებას საჭიროებენ.


ღონისძიების დასასრულს, ვიდეო რგოლების ავტორებს,   სამახსოვრო საჩუქრები  (MP3 პლეერები) გადასცეს.