თბილისის 77-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ჟურნალის პრეზენტაცია

2012 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის 77-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო კლუბის “Dream Club”-ის  წევრების ინიციატივით დაბეჭდილი ჟურნალის “Dream”-ის პრეზენტაცია, რომლის მიზანია სამოქალაქო განათლების და კლუბის საქმიანობის პოპულარიზაცია.
 
კლუბის ლიდერებმა გვანცა დარჩიამ  და ნია ჭუმბურიძემ შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს კლუბის მიერ ჩატარებული სამოქალაქო აქტივობები და  ინიციატივები, როგორიცაა  „უსაფრთხო ქუჩა“ და „არა ვანდალიზმს“. კლუბმა ასევე წარმოადგინა  პროგრამის ფარგლებში შექმნილი ბლოგისა და ფეისბუქის გვერდები. 
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დირექტორი დავით მაისურაძე, ამავე პროგრამის კოორდინატორი ბექა ჭულუხაძე, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენელი თამარ გრიგოლია, 77-ე სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და სამოქალაქო კლუბის წევრები თბილისის 1-ლი ექსპერიმენტული, 45 და 181 სკოლებიდან, სულ 50 მონაწილე.
 
დავით მაისურაძემ სიტყვით მიმართა საზოგადოებას, დადებითად შეაფასა კლუბის საქმიანობა და დაპირდა მოსწავლეებს, რომ აქტიურად ითანამშრომლებდა მათთან    სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობების განსახორციელებლად.
 
ჟურნალ „Dream”-ის ელექტრონული ვერსია გამოიცემა ყოველთვიურად და მასში გაშუქდება კლუბის  საქმიანობა, მიღწევები და სხვადასხვა საინტერესო საკითხები.
 
ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ მიერ.
 
თბილისის მოზარდთა სახლი