ტრენინგი-როგორ ჩავატაროთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევბნები?!

ქუთაისის სამოქალაქო კლუბები სკოლის თვითმმართველობის არჩევნებს თავად წარუძღვებიან. ამისთვის უკვე შესაფერისი ცოდნაც აქვთ და გამოცდილებაც. 
 
,,სკოლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პასიური მოსწავლეთა თვითმმართველობაა, რომლის მუშაობაში თავად მოსწავლეები ნაკლებად არიან ჩართულები, ამ პრობლემას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ თითქმის ყველა შეხვედრაზე ავღნიშნავდით, ამიტომ პარტნიორი ორგანიზაციის მესვეურებს გაუჩნდათ იდეა, რომ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება სამოქალაქო კლუბების  წევრებისთვის ესწავლებინათ. ჩვენ სკოლას ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს,’’  - განაცხადა 32-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მონიკა ჯავახაძემ. 
 
ამ იდეის განსახორციელებლად 20–21 სექტემბერს  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის სამიზნე სკოლების მე-9, მე-10, მე -11 კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "როგორ ჩავატაროთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები". მონაწილეები გაეცვნენ კანონებს მოსწავლეთა თვითმმართველობის შესახებ, პრაქტიკულად განახორციელეს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა პროცედურა: წინასაარჩევნო კამპანია, კანდიდატთა რეგისტრაცია, ამამრჩეველთა უფლებები და მოვალეობები, საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, არჩევნების დღე, ხმის მიცემა დათვლა და ა.შ. ტრენინგებში  43 მოსწავლე მონაწილეობდა. ტრენინგის შემდეგ მსმენელებს გადაეცათ ელექტრონული და ბეჭდური მასალები მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებულად ჩასატარებლად. ტრენინგებზე მიღებული გამოცდილებით მსმენელებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ თავიანთ სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.
 
,,საპასუხისმგებლო და საამაყოცაა, როცა სკოლის თვითმმართველობას არჩვევნების წარმატებით ჩატარებაზე ზრუნავ,  აღარ შევეგუებით, რომ ჩვენი ჩატარებული არჩევნებით არჩეული თვითმმართველობა უმოქმედო  იყოს.’’ - განაცხადა ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალააქო კლუბის წევრმა, ქეთი რობაქიძემ. 
 
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი