მშვიდობის საერთაშორისო დღე შიდა ქართლში

2012 წლის 21 სექტემბერს შიდა ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები:   საზოგადეობა „ბილიკის“    ოფისში გაიმართა დისკუსია მშვიდობის თემაზე, მოწვეულ სტუმრებთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს თუ რას ნიშნავს  მშვიდობა და რა როლი აქვთ ადამიანებს მშვიდობის მშენებლობაში.
 
დისკუსიის შემდეგ სამოქალაქო კლუბის წებრებმა ქალაქის ქუჩებში სიმბოლური თეთრი ლენტებითა და ბუშტებით მსვლელობა მოაწყეს, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ბარათებით სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებს და ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და თითოეული ადამიანის წვლილი მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შეეძლო საკუთარი მშვიდობის გზავნილი დაეფიქსირებინა სპეციალურ პოსტერზე.
მსვლელობა კულტურულ-საგნამანათლებლო ცენტრის ეზოში დასრულდა, სადაც სამოქალაქო კლუბის წევრებმა და შშმპ-თა კეთილღეობის ცენტრის ბენეფიციარებმა ასფალტზე ხატვის აქცია გამართეს - მათ საკუთარი გზავნილი - "ერთად შევქმნათ მშვიდობა" ასფალტზე ფერადი ცარცებით დაწერეს.
 
ღონისძიებას შემოუერთდა ხაშურის, სურამისა და კასპის სამოქალაქო კლუბიბიც, რომლებმაც სხვადასხვა აქტივობებით - მშვიდობიანი მანიფესტაციით და ცოცხალი ჯაჭვით აღნიშნეს ეს დღე, ხოლო სურამის მე-3 სკოლის რადიომ ,,ტოლერანტობის ტალღაზე" ყველას მიულოცა მშვიდობის საერთაშორისო დღე და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის 20 სამოქალაქო კლუბის 200-მდე მოზარდმა
საზოგადოება „ბილიკი“