სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში

2012 წლის 13 ივლისს, ხაშურის და სურამის 8 სამოქალაქო კლუბის 14 წევრი იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტში, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის  და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრის იოსებ  ბუაძის მიწვევით. 
 
ბ-ნი იოსებისა და სამოქალაქო განათლების კლუბების წევრების თანამშრომლობა 2011 წლიდან დაიწყო და ნაყოფიერად მიმდინარეობს. ამ პერიოდში  სამოქალაქო განათლების კლუბების წევრებმა განახორციელეს  საკრებულოს წევრებთან საჯარო შეხვედრები, მიმართეს წერილობით  სხვადასხვა პრობლემების მოგვარების მიზნით და იგი ყოველთვის ეხმარება მოზარდებს პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში. 
 
აღნიშნული შეხვედრის მიზანი  იყო სკოლის   თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის მუშაობის გაძლიერება.  ბატონმა ოსებმა ისაუბრა სკოლის სამეურვეო საბჭოს მნიშვნელობასა და ფუნქციებზე და  ურჩია  მოსწავლეებს შექმნან  სასკოლო თვითმმართველობის ქარტია. მან ასევე შესთავაზა მოსწავლეებს სატრენინგო კურსის ჩატარება „ჩვენ, ხალხი, პროექტი, მოქალაქე“  სახელმძღვანელოს გამოყენებით,  რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო განათლების ერთ-ერთ ეფექტურ  მოდელს. წიგნი არის პრაქტიკიული ინსტრუქციების კრებული და ასწავლის მოსწავლეებს, როგორ უნდა მოახდინონ პრობლემის პრიორიტეტულობის დადგენა, ჩაატარონ კვლევა, ანალიზი და მონახონ პრობლემის გადაჭრის გზები.
 
შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ სატრენინგო კურსის განხორციელება დაიწყება ოქტომბრის თვიდან. მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ სამოქალაქო კლუბის მუშაობაში და   გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს. 
 
საზოგადოება „ბილიკი“