ვახტანგისის სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვედრებს მართავენ

2012 წლის 12-13 ივნისს, ქვემო ქართლის რეგიონის, სოფელ ვახტანგისის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „უწყვეტი ჯაჭვის“ წევრებმა სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  შეხვედრები გამართეს.
 
მოსწავლეები შეხვდნენ სოფელ ვახტანგისის რწმუნებულს ქ-ნ მარინა ირემაშვილს და  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ გიორგი ფეიქრიშვილს და გააცნეს მათ მიერ გამოკვლეული სოფლის საჭიროებები - ვახტანგისის დასუფთავების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეგულარული გატანის, სკოლის  სასმელი წყლით უზრუნველყოფის და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების საკითხები. 
 
შეხვედრაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეებს აღუთქვა, რომ უახლოეს დღეებში  მოხდება დასუფთავების სამსახურის მიერ სოფლის დასუფთავება, რაც შემდგომში რეგულარულ სახეს მიიღებს. ასევე სოფელში განთავსდება ნაგვის კონტეინერები, ხოლო მანამდე სოფლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოხდება რეგულარულად - კვირაში ორჯერ. საკრებულოს თავმჯდომარე მოსწავლეებს შეპირდა სკოლის გამწვანების საკითხში დახმარებას და სკოლის ეზოსთვის ნაძვის ნერგების უზრუნველყოფას.
 
„სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“