საზაფხულო ბანაკის საზეიმო გახსნა

2012 წლის 30 ივნისს, დაბა ბაზალეთში, გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის საზეიმო გახსნა.

ბანაკის მონაწილეები არიან სამოქალაქო განათლების პედაგოგები და უფროსკლასელი მოსწავლეები საქართველოს 11 რეგიონიდან. საზაფხულო ბანაკის  მიზანია სტიმული მისცეს სამოქალაქო კლუბებში აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს, უფრო მეტი წვლილი შეიტანონ სკოლისა და საზოგადოების სასარგებლო საქმიანობაში. 

სამოქალაქო კლუბის წევრებს და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს  მიესალმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე. მან სთქვა, რომ საზაფხულო ბანაკი მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დასახონ სამომავლო  გეგმები და ერთობლივი ინიციატივები, შეხვდნენ და ესაუბრონ კომპეტენტურ სტუმრებს, სამოქალაქო განათლების ექსპერტებსა და საჯარო პირებს. 

ბანაკი მოეწყო  PH International - საქართველოს  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით. 

ბანაკის ორგანიზატორია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია. ბანაკის ტრენინგ პროგრამა დაიგეგმა და ხორციელდება არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლი“-ს მიერ. 

ღონისძიება გაშუქდა მასმედიის საშუალებებით.