Tbilisi Hills Golf-მა, სოფელ თელეთის საჯარო სკოლას, საჩუქრად გადასცა კომპიუტერული ტექნიკა და სპორტული ინვენტარი.

კომპანიასა და სკოლას შორის თანამშრომლობა ივნისის თვეში დაიწყო, როცა მოსწავლეები სკოლაში კინო კლუბის დაფუძნებას აპირებდნენ და ამისათვის პროექტორი ესაჭიროებოდათ. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ორგანიზებით, Tbilisi Hills Golf-ის დირექტორი პოლ პოჰი პირადად ეწვია მეზობლად მდებარე სკოლას, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა და მოსწავლეების საჭიროებების გაგებისას გადაწყვიტა, რომ სკოლისათვის არა მხოლოდ პროექტორი, არამედ სხვა საჭირო ინვენტარიც გადაეცა.
საბოლოოდ, სკოლამ საჩუქრად მიიღო პროექტორი და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობები კინო კლუბისთვის, 5 კომპიუტერი საკლუბო აქტივობებისთვის და სპორტული აღჭურვილობა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.
თანამშრომლობის ფარგლებში, მოსწავლეები ასევე ეწვივნენ Tbilisi Hills Golf-ის მოედნებს, სადაც მათ პროფესიონალმა ინსტრუქტორებმა გააცნეს გოლფის თამაშის წესები. ამავდროულად, კინო კლუბის იდეის ერთ-ერთი ავტორი, მე-11 კლასის მოსწავლე ნინო კოკოლაშვილი დაესწრო Tbilisi Hills Golf-ის მიერ ორგანზებულ საქველმოქმედო ღონისძიებას, სადაც, აშშ-ის ელჩისა და სხვა სტუმრების წინაშე ისაუბრა მისი სკოლის მოსწავლეების პროექტის შესახებ.
Tbilisi Hills Golf და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლა გეგმავენ, რომ თანამშრომლობა გააგრძელონ და განიხილავენ სხვადასხვა შესაძლებლობას, მათ შორის, მოსწავლეთა სტაჟირების მიმართულებით.