ქუთაისში, სკოლის მოსწავლეები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. ამ ცვლილების ინიციატორები ქუთაისის #36 საჯარი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები არიან.

“რა თქმა უნდა, ეს პრობლემა მრავალი წელია აქტუალურია მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის. დარწმუნებული, ვარ ჩვენსავით ბევრი სკოლა აყენებდა ამ საკითხს მერიის წინაშე, თუმცა, როგორც ჩვენ ვიცით, მხოლოდ ჩვენ (ადვოკატირების პროცესის სრული დაცვით) მივაწოდეთ კიდევ ერთხელ ეს პრობლემა მუნიციპალიტეტს: მივმართეთ უბნის მაჟორიტარს (მადლობა მას კარგი კონსულტაციისთვის), მივმართეთ რწმუნებულს იმერთის მხარეში (მადლობა მათ, რომ უზუნველყვეს პასუხის მოწოდება), მივმართეთ მერიას და საკრებულოს (მადლობა მათ მიღებული გადაწყვეტილებისთვის), მოვამზადეთ პეტიცია და შევაგროვეთ ხელმოწერები. მადლობა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს და პეტიციაზე ხელმომწერ პირებს. მთელი ეს პროცესი სამი თვე გაგრძელდა. ჩვენი ადვოკატირების შედეგად, მუნიციპალური ტრანსპორტით 33 619 მოსწავლე ისარგებლებს უფასოდ. ეს ბევრი ადამიანის დამსახურებაა, მათ შორის #36 ქუთაისის საჯარო სკოლის მასწავლებლების, რომლებიც ყოველ ეტაპზე მეხმარებოდნენ.” - ამბობს ელენე ქოქოსაძე, ქუთაისის #36 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე.