ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობას გაეცნო

2012 წლის 18 მაისს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მისიის ხელმძღვანელი ბატონი სტივენ ჰეიკენი. ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლის ფოიეში რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა მოაწყვეს  საქმიანობის პრეზენტაცია, წარმოდგენილი ჰქონდათ ფოტო და ვიდეო მასალა. 
 
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს და შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ბატონი ჰეიკენი. მან ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროექტის და მოსწავლე–ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე დემოკრატიის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარების პროცესებში.
 
 ბატონ  ჰეიკენს სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობა  გააცნო: ამბროლაურის  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ,,მთიების“, ,,მეტეხარას“ და ,,რაჭას“ წევრებმა.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე ჭრებალოს, ცაგერის, ნიკორწმინდის, ხვანჭკარის და ქ. ონის საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრები.
 
შეხვედრაზე აღინიშნა სასკოლო სამოქალაქო კლუბების ის ინიციატივები,  რომელზეც უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, კერძოდ:  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალას საჯარო სკოლის   რემონტი, სოფელ ჭრებალოში სასპორტო მოედნის მშენებლობა, სასკოლო ავტობუსის მუშაობისათვის ბიუჯეტიდან 2500 ლარის გამოყოფა. ცაგერის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობისათვის 1000 ლარის გამოყოფა  სკამებისა და ურნების შესაძენად. სადმელის საჯარო სკოლისათვის შოვის სანერგე მეურნეობის მიერ 1000 ლარის ღირებულების კავკასიური სოჭის ნერგების გადაცემა. ლაილაშის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფის წევრს ნოდარ მიქაძეს მხარის რწმუნებულისაგან საჩუქრად გადაეცა კომპიუტერი.
შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა დავით გაგოშიძემ, აღნიშნა რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიური მუშაობა, მან მადლობა გადაუხადა პროგრამის ხელმძღვანელობას, მისიის ხელმძღვანელს ბატონ ჰეიკენს მიმდინარე პროგრამისათვის და სასკოლო სამოქალაქო კლუბებს კვლავაც აქტიურ მხარდაჭერას დაპირდა.
 
შეხვედრაზე საპატიო სტუმარს მობრძანებისათვის და სასკოლო  სამოქალაქო კლუბებს გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა პროგრამის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მარინა უშვერიძემ და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს–ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნინო სოხაძემ.